ჩემი სკოლის მატიანე

    სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლას 117 წლის ისტორია აქვს.
რევოლუციამდელ ქუთაისში არსებულ სასწავლებელთა შორის თავისი მოკრძალებული ვალი მოიხადა მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო ,,გიმნაზიამ’’...

   როგორც მარიამ ყაუხჩიშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა 1898 წელს ,,მთავრობის ნებართვით ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ალ.ჭყონიას სახლში,პირველი სექტემბრიდან დაარსდება ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. მდგომიარე წელს გაიხსნება ორი მოსამზადებელი განყოფილება და პირველი პროგიმნაზიული კლასი, ხოლო შემდეგში ყოველ წელიწადს მოემატება თითოეული კლასი. საჭირო ცნობების მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ლიდა გრიგოლის ასულ ანჯაფარიძეს, ან მარიამ იოსების ასულ ყაუხჩიშვილს“.
   1903 წელს მეორე ხარისხის კერძო სასწავლებელი, სადაც მარიამ ყაუხციშვილი მსახურობდა, მის ხელმძღვანელობაში გადავიდა.1908 წელს პროგიმნაზია პირველხარისხიანად გადაკეთდა. მას თანდათანობით მიემატა მე–5,მე–8 კლასები და სრული გიმნაზიის სახე მიიღო.
   მთავრობის კომისიამ სასწავლებელი სრულუფლებიან ქალთა კერძო გიმნაზიად დაამტკიცა და მიენიჭა მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი.
   ეს პროგიმნაზია 1903 წლიდან თბილისის ქუჩაზე, პეტრე გოკიელის სახლში ფუნქციონირებდა. ხოლო შემდეგ, ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკეების დახმარებით და ბანკიდან აღებული სესხით, მარიამმა ქალაქის ცენტრში შეიძინა ორსართულიანი შენობა დიდი ბაღით (ამ შენობაში საბჭოთა პერიოდში მოთავსებული ოყო ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი).
   ,,ყაუხჩიშვილის გიმნაზია კომერციული მიზანდასახულობის მქონე ორგანიზაცია კი არ იყო, არამედ ის წარმოადგენდა ფარტო ასპარეზს, როგორც მარიამის უტყუარი აღმზრდელობითი უნარის გაშლა–განვითარებისათვის, ისე მის სკოლაში მომუშავე პედაგოგების  უმრავლესობის ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა“.
    ამის დამადასტურებელია მოსწავლეთა საკმაოდ დიდი კონტინგენტი, რომელიც ამ სკოლას ჰყავდა.
    1902–1903 სასწავლო წელს –339 მოსწავლე, 1903–1904 სასწავლო წელს –331, 1904–1905 სასწავლო წელს –296, 1906 – 1907 სასწავლო წელს –291, 1910 –1911 სასწავლო წელს –404, 1912 –1913 სასწავლო წელს –402, 1913 –1914 სასწავლო წელს –510 მოსწავლე და ა.შ.
    ქალთა გიმნაზია ასეულობით ახალგაზრდამ დაამთავრა. მისი პირველი გამოშვება 1912 წელი იყო. მაშინ სკოლა 35– მა მოსწავლემ დაასრულა.
    სხვადასხვა დროს  მ. ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში სწავლობდნენ: აკადემიკოსი გ.ჭოღოშვილი, პროფესორები: კ.ლილუაშვილი, ო. ეზიკაშვილი, ცნობილი გამომგონებელი თ.შავგულიძე, ჟურნალისტი და მწერალი რ.ბეროძე და მრავალი სხვა.
    ამ სკოლაში სწავლება ქარტულ ენაზე წარმოებდა. იგი ერთ – ერთი სკოლა იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ. სწორედ ამიტომ დაამთავრებინეს სახელოვანმა პედაგოგებმა სილოვან  ხუნდაძემ  და ნინო ნაკაშიძემ თავის შვილებს ეს სასწავლებელი.
    სასწავლო წელი იწყებოდა 1 სექტემბერს და მთავრდებოდა 31 მაისს. ტარდებოდა მისაღები და ჯგუფიდან ჯგუფში გადასაყვანი გამოცდები.
     გოგონები იცვამდნენ უჯრედოვანი ქსოვილების კაბებს, ზედ ყავისფერ წინსაფრებს იკეთებდნენ. ფონდში დაცულია ათეულობით ფოტო – სურათი, რომლებიც ამ სკოლის ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ასახავენ.
     სწავლების გადასახადი სხვა სკოლებთან შედარებით მცირე იყო: 20,15, 5, 3 და 2 მანეთიც კი, ვისაც რამდენის შესაძლებლობა ჰქონდა. ღარიბი მოსწავლეები კი საერთოდ თავისუფლდებოდნენ გადასახადისაგან. ,,1912 წელს მან 368 მოსწავლიდან 78 ღარიბი ბავშვი გაათავისუფლა სწავლის ქირისაგან. ამ თანხის რაოდენობა 1790 მანეთს შეადგენდა“.
    ღარიბ ბავშვთა სწავლისათვის საკმარისი არ იყო სწავლის ქირისაგან განთავისუფლება. საჭირო იყო მათი შემოსვა და სწავლის პირობების შექმნა. ამიტომ მარიამმა ამ საქმეში ქუთაისის ფართო საზოგადოებაც  ჩააბა. მისი ინიციატივით ქუთაისში იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად. საღამოებზე, საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საუკეთესო მხატვრული ძალები: ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის გუნდი მიხეილ შარაბიძის ლოტბარობით, ამავე სასწავლებლის სიმებიანი კვარტეტი.საღამო მიჰყავდათ ნინო ჩხეიძეს და ბონდო მიქელაძეს. პოეტები პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი გინმაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ. დასასრულს იმართებოდა ნამდვილი ზომიერებით გამორჩეული ვახშამი, რომელიც დასვენების საუკეთესო საშუალება იყო.
   თეატრში ამავე დანიშნულებით იმართებოდა ,,ელექტრო რადიუმი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საგასტროლოდ ჩამოსული ცნობილი მსახიობები.შემოსული თანხა ხმარდებოდა მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლის ღარიბ მოსწავლეებს და მუსიკალურ სასწავლებელს. არქივში დაცულია ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის მელიტონ ბალანჩივაძის ხელწერილი– ,,მ.ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიის  ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართული საღამოს  შემოსავლიდან მივიღე მუსიკალური სკოლის ფონდის გასაძლიერებლად სამასი მანეთი (300მან.) “.
   მეორე ხელწერილი ტრიფონ ჯაგარიძეს ეკუთვნის: ,,ქალბატონო მარიამ, გაახლებთ ას მანეთს თქვენი გიმნაზიისათვის გამართული საღამოს შემოსავლის მისამატებლად იმ იმედით, რომ კეთილი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების “.
    მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლაში აღზრდის ორიგინალური მეთოდი იყო. აქ ბავშვებს კი არ სცემდნენ, არამედ ზრდიდნენ დარწმუნებით, პირადი მაგალითით, შთაგონებით. ამ სკოლიდან არც ერთი მოსწავლე არ გარიცხულა. სასწავლებლიდან გარიცხვას ქალბატონი მარიამი პედსაბჭოს სისუსტედ თვლიდა.
   კარგი სწავლისა და დისციპლინისათვის ბავშვებს აჯილდოვებდნენ წიგნებით, მიჰყავდათ თეატრში. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დამყარებული მოსწავლეთა მშობლებთან. უფროსი კლასის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე კითხულობდნენ რეფერატებს, მართავდნენ დისკუსიებს, აწყობდნენ ექსკურსიებს, უშვებდნენ ხელნაწერ ლიტერატურულ ჟურნალს, რომელშიც ათავსებდნენ საკუთარ ლექსებს,მოთხრობებს სკოლის ცხოვრების ამსახველ წერილებს და ა.შ.
   გიმნაზიას ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. რუს,ევროპელ და ქართველ კლასიკოსთა ჩინებულ გამოცემებს გვერდს უმშვენებდა საბავშვო ლიტერატურის იშვიათი ფონდი. სკოლაში გახსნილი იყო ჭრა–კერვის სახელოსნო, გოგონები კერვას ეუფლებოდნენ.
   სასწავლებელში სანუტარული კომისია ლეჟავას თავჯდომარობით, რომელიც კონტროლს უწევდა სკოლისა და მოსწავლეების სისუფთავეს.
   ,,რევოლუციამდელ ქუთაისში მ.ყაუხჩიშვილის სასწავლებელი ერთადერთი იყო, რომელსაც ფიზიკის სწავლებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო გააჩნდა, ასევე ბუნებისმეტყველებისათვის მრავალი მცენარე სპეციალურ ქოთნებში,თევზები აკვარიუმებში და ცხოველთა ჩონჩხები“.
   ამ პერიოდის ,,ქუთაისში მოღვაწეობდა კოლექციონერი ალექსი სობრიევსკი,– იგონებს დოც.გ.კოკოჩაშვილი,–იგი პროფესიით ვეტექიმი იყო,მაგრამ დიდი მონდომებით აგროვებდა კავკასიის მოლუსკების ნიჟარების კოლექციას. საქართველოდან გამგზავრების წინ მან მარიამ ყაუხჩიშვილიის კერძო გიმნაზიას დაუტოვა. სობრიევკის კოლექციამ კიდევ უფრო გაამდიდრა ზოოლოგიური კაბინეტი.“ (იც.კ. ლილუაშვილის დასახ.ნაშრ.).
   შემდეგში ეს კოლექცია მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა საჩუქრად. ფონდში დაცულია მადლობის წერილი, რომელიც ამასთან დაკავშირებით გიორგი ჯავახიშვილმა მოსწერა.
   მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზიამ იარსება 1921წლამდე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. ამის შემდეგ სკოლამ ბევრჯერ განიცადა რეორგანიზაცია: ჯერ შრომის სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1938–1939 სასწავლო წლიდან მე–17 საშუალო სკოლად. ამ სკოლას 1964 წლიდან ქალაქმა (საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით) და განათლების განყოფილებამ მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მიანიჭეს მისი სახელი.


     2006 წლიდან საქართველოს განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმის შედეგად, ყველა ტიპის საშუალო სკოლა გადაკეთდა საჯარო სკოლად, შესაბამისად სასწავლებელი აღნიშნული წლიდან იწოდება №17 საჯარო სკოლად.

წყარო: "ქუთაისი დიდი საგანმანათლებლო ცენტრი" 2006 წ. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი.  ავტორი: ლია გაბუნია
ქუთაისის ეროვნული არქივი, ფონდი 149 საქმე 357
გაზეთი ქუთაისი 1/12 1964 წ.

No comments:

Post a Comment